En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
დირექტორის მიმართვა


2012 წლის იანვრიდან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა  იმყოფება შპს "რუსთავის ფოლადის" მმართველობასა და მფლობელობაში. შპს „რუსთავის ფოლადის“  მიზანია ახალი სიცოცხლე შესძინოს ქალაქ რუსთავში ფოლადის წარმოების საამაყო და ხანგრძლივ ტრადიციას, რომელიც სათავეს 1948 წლიდან იღებს. რუსთავის მეტალურგიული ქარნის ახალმა მენეჯმენტმა მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების კურსი აიღო, რათა შეიქმნას თანამედროვე ქარხანა, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.  

ჩვენ განვაახლეთ დიდი დიამეტრის უნაკერო მილების დგან "400–ზე" წარმოება და დავიწყეთ პროდუქციის ექსპორტი დსთ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე. რუსთავის ფოლადის უნეკერო მილები გამოიყენება, როგორც მანქანათმშენებლობასა და სხვა სახის მშენებლობაში, ასევე ნავთობისა და გაზის წარმოებაში. აღნიშნულ დგანს, აქვს 350,000 ტონა დიდ დიამეტრიანი მილების წარმოების შესაძლებლობა წლიურად, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროებს მოდერნიზაციას. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ დავიწყებთ აღნიშნული გეგმის განხორციელებას.

ჩვენ ვაწარმოებთ ყველა ზომის არმატურას სამშენებლო ინდუსტრიისათვის, რომლის რეალიზაცია ხდება საქართველოში და ასევე გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში. რუსთავის ფოლადის არმატურით შენდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული ისე დეველოპერული. ჩვენი მიზანია 2018 წლის მესამე კვარტლის ბოლოს, ყოველთვიურად 12,000 ტონა კვადრატული ნამზადისა და არმატურის რეალიზაცია. ჩვენი ქარხნის შუალედური გეგმის ფარგლებში, 2018 წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ ქარხნის არსებულ ფოლადსადნობ საამქროში წარმადობის 200,000 ტონამდე ზრდას წელიწადში.

ასევე, ხელახლა ამუშავდა ქარხნის შემკეთებელი საამქროები, სადაც გაერთიანებულია მექანიკური, სამსხმელო, სორტსაგლინი, ელექტროშემკეთებელი და სხვა დამხმარე საამქროები, რაც ქარხნის შიდა საჭიროების დაკმაყოფილებასა და ქარხნის კლიენტების მომსახურებას უზრუნველყოფს.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და API Spec Q1 მოთხოვნების გათვალისწინებით. ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა და ეფექტურობა დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. თანამედროვე წარმოების მეთოდები ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში დავნერგეთ, ხარისხის კონტროლს ვაწარმოებთ და ყოველდღირად ვაუმჯობესებთ. ასევე დანერგვის პროცესში არის „6 სიგმა“ მეთოდოლოგია. ეს ცნობილი პროცესია, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს.

გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ბრძმედის კომპლექსის რეაბილიტაციას, რომლის მიზანია 650,000 ტონა თუჯის წარმოება წელიწადში. ბრძმედი არის კომპლექსი, რომელიც თუჯს მიიღებს მადნიდან. წარსულში გვქონდა ორი ბრძმედი, რომლებიც გაჩერდა 90–იან წლებში. ერთი მათგანი, წინა მფლობელების დროს ჯართად დაჭრეს, ერთი კი, კვლავ გვაქვს და გარკვეული თანხების საფასურად შესაძლებელია მისი აღდგენა. სირთულეს ქმნის ის, რომ საჭირო რკინის მადანი არის აზერბაიჯანში. ამიტომ, ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, მადნით უზრუნველყოფაში ჩვენ გვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული ბრძმედის ასამუშავებლად უნდა შემუშავდეს მომგებიანი და გრძელვადიანი გეგმა აზერბაიჯანთან. ბრძმედის ამუშავება საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ 650 ათასი ტონა თუჯი, რომელზეც სულ არის მოთხოვნა. თუჯი დაახლოებით ისეთი პროდუქტია, როგორც ნავთობი – რამდენსაც აწარმოებ, იმდენს გაყიდი. თუჯზე დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი შავი ზღვის ბაზრებზე. უნაკერო მილების შემდეგ, ამ მიმართულებითაც ათობით მილიონი დოლარის ექსპორტის შესაძლებლობა იქმნება. ამ გეგმებს რომ შევასრულებთ, თამამად შეგვეძლება თქმა, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ძველ ნიშნულს უბრუნდება. ბრძმედის კომპლექსის ამუშავების შემთხვევაში შევძლებთ ქარხნის 50%–მდე დატვირთვას. ასევე დამატებითი ინვესტიციებით იგეგმება, ახალი ჟანგბადის ღუმელის მოწყობა, რომელიც თუჯს ფოლადად გადაადნობს. ამ პროდუქტების წარმოება კი, თავის მხრივ, სხვა ახალი პროდუქტების წარმოებისთვის შექმნის საფუძველს.

ჩვენი მიზანია, განვამტკიცოთ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, როგორც ერთ–ერთი წამყვანი ინდუსტრიული საწარმო რეგიონში და გავზარდოთ მისი რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბით. ამ მიზნის მიღწევას ვაპირებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებითა და მომხმარებელთა მოლოდინის გადაჭარბებით, სერვისის მიწოდების პროცესში. ის დადებითი გამოხმაურება და ძლიერი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისაგან ვიღებთ, კიდევ უფრო გვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში. ჩვენი სურვილია, დავარწმუნოთ რუსთავის ფოლადის ამჟამინდელი და პოტენციური მომხმარებლები, საქმისადმი  ჩვენს სრულ და მუდმივ ერთგულებაში საქმისადმი.

 

ნუგზარ კაჩუხაშვილი,

გენერალური დირექტორი