Skip to content Skip to footer
7

ბაზარზე
1948 წლიდან

კომპანიის პროფილი

შპს რუსთავის ფოლადი

2011 წელს შეიქმნა შპს რუსთავის ფოლადი, რომელმაც შეიძინა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივები. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მეტალურგიული წარმოებაა მთელს კავკასიაში, მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის, თბილისის სამხრეთითა და მისგან 30 კილომეტრის დაშორებით.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 1948 წელს დაარსდა და ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმო იყო, რომელიც ამზადებდა ფოლადს, ცხლადნაგლინ უნაკერო მილებს, თუჯის, ალუმინისა და რკინის სხვადასხვა კონსტრუქციებს. ქარხანა აწარმოებდა უნაკერო მილებს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

დღეს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ახალი მენეჯმენტისა და მფლობელების  მიზანია ინვესტიციებისა და რესტრუქტურიზაციის მთავარი პროგრამის ფარგლებში აღადგინოს ქარხანა და განავითაროს საქმიანობა რეგიონალურ და ახალ გლობალურ ბაზრებზე.

ქარხანა დღეს წარმატებით ფუნქციონირებს და  მრავალი სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომელთა შორისაა: არმატურა, უნაკერო მილები, კვადრატული ნამზადი, თუჯის სხმულები, ლითონკონსტრუქციები, მექანიკური დეტალები, ფასონური სხმულები, გრანულირებული წიდა, სილიკომანგანუმი, კირი და კირქვა.

იმისათვის, რომ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ გაიმყაროს პოზიციები ბაზარზე, პირველადი ამოცანაა წარმოების მოცულობის გაზრდა. ამ მიზნით, ახალი მენეჯმენტი თანმიმდევრულად ახორციელებს ქარხნის სისტემატურ განახლებასა და გადაიარაღებას, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს. ქარხნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოცდილი კადრების ხელშეწყობით ახალგაზრდა კადრების მომზადება.

დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნების, აშშ, ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, ასევე მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.

შპს რუსთავის ფოლადში დასაქმებულია 1,300-ზე მეტი ადამიანი.

 

2012 წლის იანვრიდან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა  იმყოფება შპს “რუსთავის ფოლადის” მმართველობასა და მფლობელობაში. შპს „რუსთავის ფოლადის“  მიზანია ახალი სიცოცხლე შესძინოს ქალაქ რუსთავში ფოლადის წარმოების საამაყო და ხანგრძლივ ტრადიციას, რომელიც სათავეს 1948 წლიდან იღებს. რუსთავის მეტალურგიული ქარნის ახალმა მენეჯმენტმა მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების კურსი აიღო, რათა შეიქმნას თანამედროვე ქარხანა, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ჩვენ განვაახლეთ დიდი დიამეტრის უნაკერო მილების დგან “400–ზე” წარმოება და დავიწყეთ პროდუქციის ექსპორტი დსთ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე. რუსთავის ფოლადის უნეკერო მილები გამოიყენება, როგორც მანქანათმშენებლობასა და სხვა სახის მშენებლობაში, ასევე ნავთობისა და გაზის წარმოებაში. აღნიშნულ დგანს, აქვს 350,000 ტონა დიდ დიამეტრიანი მილების წარმოების შესაძლებლობა წლიურად, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროებს მოდერნიზაციას. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ დავიწყებთ აღნიშნული გეგმის განხორციელებას.

ჩვენ ვაწარმოებთ ყველა ზომის არმატურას სამშენებლო ინდუსტრიისათვის, რომლის რეალიზაცია ხდება საქართველოში და ასევე გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში. რუსთავის ფოლადის არმატურით შენდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული ისე დეველოპერული. ჩვენი მიზანია 2018 წლის მესამე კვარტლის ბოლოს, ყოველთვიურად 12,000 ტონა კვადრატული ნამზადისა და არმატურის რეალიზაცია. ჩვენი ქარხნის შუალედური გეგმის ფარგლებში, 2018 წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ ქარხნის არსებულ ფოლადსადნობ საამქროში წარმადობის 200,000 ტონამდე ზრდას წელიწადში.

ასევე, ხელახლა ამუშავდა ქარხნის შემკეთებელი საამქროები, სადაც გაერთიანებულია მექანიკური, სამსხმელო, სორტსაგლინი, ელექტროშემკეთებელი და სხვა დამხმარე საამქროები, რაც ქარხნის შიდა საჭიროების დაკმაყოფილებასა და ქარხნის კლიენტების მომსახურებას უზრუნველყოფს.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და API Spec Q1 მოთხოვნების გათვალისწინებით. ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა და ეფექტურობა დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. თანამედროვე წარმოების მეთოდები ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში დავნერგეთ, ხარისხის კონტროლს ვაწარმოებთ და ყოველდღირად ვაუმჯობესებთ. ასევე დანერგვის პროცესში არის „6 სიგმა“ მეთოდოლოგია. ეს ცნობილი პროცესია, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს.

გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ბრძმედის კომპლექსის რეაბილიტაციას, რომლის მიზანია 650,000 ტონა თუჯის წარმოება წელიწადში. ბრძმედი არის კომპლექსი, რომელიც თუჯს მიიღებს მადნიდან. წარსულში გვქონდა ორი ბრძმედი, რომლებიც გაჩერდა 90–იან წლებში. ერთი მათგანი, წინა მფლობელების დროს ჯართად დაჭრეს, ერთი კი, კვლავ გვაქვს და გარკვეული თანხების საფასურად შესაძლებელია მისი აღდგენა. სირთულეს ქმნის ის, რომ საჭირო რკინის მადანი არის აზერბაიჯანში. ამიტომ, ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, მადნით უზრუნველყოფაში ჩვენ გვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული ბრძმედის ასამუშავებლად უნდა შემუშავდეს მომგებიანი და გრძელვადიანი გეგმა აზერბაიჯანთან. ბრძმედის ამუშავება საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ 650 ათასი ტონა თუჯი, რომელზეც სულ არის მოთხოვნა. თუჯი დაახლოებით ისეთი პროდუქტია, როგორც ნავთობი – რამდენსაც აწარმოებ, იმდენს გაყიდი. თუჯზე დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი შავი ზღვის ბაზრებზე. უნაკერო მილების შემდეგ, ამ მიმართულებითაც ათობით მილიონი დოლარის ექსპორტის შესაძლებლობა იქმნება. ამ გეგმებს რომ შევასრულებთ, თამამად შეგვეძლება თქმა, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ძველ ნიშნულს უბრუნდება. ბრძმედის კომპლექსის ამუშავების შემთხვევაში შევძლებთ ქარხნის 50%–მდე დატვირთვას. ასევე დამატებითი ინვესტიციებით იგეგმება, ახალი ჟანგბადის ღუმელის მოწყობა, რომელიც თუჯს ფოლადად გადაადნობს. ამ პროდუქტების წარმოება კი, თავის მხრივ, სხვა ახალი პროდუქტების წარმოებისთვის შექმნის საფუძველს.

ჩვენი მიზანია, განვამტკიცოთ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, როგორც ერთ–ერთი წამყვანი ინდუსტრიული საწარმო რეგიონში და გავზარდოთ მისი რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბით. ამ მიზნის მიღწევას ვაპირებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებითა და მომხმარებელთა მოლოდინის გადაჭარბებით, სერვისის მიწოდების პროცესში. ის დადებითი გამოხმაურება და ძლიერი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისაგან ვიღებთ, კიდევ უფრო გვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში. ჩვენი სურვილია, დავარწმუნოთ რუსთავის ფოლადის ამჟამინდელი და პოტენციური მომხმარებლები, საქმისადმი  ჩვენს სრულ და მუდმივ ერთგულებაში საქმისადმი.

ისტორია და ტრადიციები

  • 1940 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო  რუსთავის მეტალურგიული ქარხნის  მშენებლობის გადაწყვეტილება ქ. რუსთავში. ეს განპირობებული იყო რეგიონში ძირითადი ნედლეულის რესურსების არსებობით და კასპიის ნავთობის საბადოებთან სიახლოვით. დაიწყო ქარხნის მშენებლობის წინასწარი სამუშაოები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის  გამო შეჩერდა.
  • 1944 წლის 23 მარტს ქარხნის მშენებლობა განახლდა  ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ  “რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • 1946 წელს ამუშავდა პირველი დამხმარე საამქროები: თბოელექტროცენტრალი, მექანიკურ-შემკეთებელი საამქრო, ფასონური სხმულების საამქრო, ლითონკონსტრუქციების საამქრო და სხვა.
  • 1948 წელი ქარხნის დაარსების ოფიციალურ თარიღად  მიიჩნევა.
  • 1950 წლის 27 აპრილს მარტენული ქართული ფოლადის პირველი 150 ტონა  ნადნობი იქნა დამზადებული ქარხანაში.
  • 1952 წლის სექტემბერში  ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, “დგან 140-ზე”  პირველი ცხლადნაგლინი უნაკერო მილი დამზადდა.
  • 1953 წლის დეკემბერში, ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, მწყობრში ჩადგა “დგანი 400”, რომელიც  იმ დროისათვის უნაკერო მილების ერთ-ერთი უმსხვილესი  დგანი იყო მთელს ევროპაში.
  •  1954 წლის ივლისში,  ბრძმედის საამქროში,  პირველი ქართული თუჯი იქნა გამოდნობილი.
  • 1954 წელს ქარხანაში მიიღეს პირველი ქართული კოქსი.
  • 1955 წელს ამუშავდა ფურცლოვანი და სორტული ნაგლინის საამქროები.
  • 1961 წელს  ამოქმედდა ცივად ადიდვის საამქრო.
  • 1962 წელს მილსაგლინავ საამქროში დასრულდა დგანი “400-ის” მთლიანი ავტომატიზაცია.
  • 1967 წელს პირველი უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარის მეშვეობით ჩამოასხეს სხმულ-სლიაბი.
  • 1961-1991 წლებში საწარმოში სისტემატურად ხორციელდებოდა ძირითადი დანადგარების განახლების,საწარმოო  სიმძლავრეების გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებები:
  • 1975-1980 წლებში ძირეულად განახლდა მარტენის ღუმელები და მათი მოცულობა 150 ტონიდან 200 ტონამდე გაიზარდა.
  • 1980 წელს  ბრძმედის რეკონსტრუქციის შედეგად მისი მოცულობა 750 მ3  -დან 1093 მ3-მდე გაიზარდა.
  • 1982 წელს ამუშავდა  ახალი აგროფაბრიკა.
  • 1944-1999 წლებში რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ   50 მლნ. ტონამდე ფოლადი და 36 მლნ. ტონაზე მეტი მზა ნაგლინი გამოუშვა, რაც  მილების, სამშენებლო არმატურის, ფურცლებისა და სხვა  პროდუქციის სახით დამზადდა.
  • 1999 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ფაქტიურად სრულად გაჩერდა.
  • 2006 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქციების სრული პაკეტი შეიძინა ერთ-ერთმა ინგლისურ-ქართულმა კერძო კომპანიამ და მას შემდეგ დაიწყო ქარხნის რეაბილიტაციის რთული პროცესი.
  • 2009 წელს ქარხნის ფოლადსადნობ საამქროში დამონტაჟდა ინდუქციური ღუმელები, აგრეთვე გარემონტდა სორტული გლინვის საამქრო და დაიწყო არმატურის წარმოების პროცესი.
  • 2011 წელს წარმოების მრავალწლიანი გაჩერების შემდეგ, განახლდა წარმოების პროცესი ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, კერძოდ კი „დგან 400“-ზე წარმატებით განხორციელდება სხვადასხვა დიამეტრის უნაკერო მილების წარმოება ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დაკვეთით.
  • 2011 წელს ქარხნის მფლობელებმა და ახალმა მენეჯმენტმა  დაუბრუნეს ქარხანას ძველი, ისტორიული სახელი.  იმისათვის რომ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ დაიბრუნოს ძველი მასშტაბები და გაიმყაროს პოზიციები ქვეყნის ინდუსტრიულ საზოგადოებაში, უპირველესი ამოცანაა წარმოების მოცულობის ზრდა. ამ მიზნით, დღეს ქარხნის მენეჯმენტი თანმიმდევრულად ახორციელებს ქარხნის სისტემურ განახლებას, გადაიარაღებას, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და გამოცდილი კადრების ხელშეწყობით ამზადებს ახალგაზრდა კადრებს.
1f9bb1575d6ae1d76160be71813cebd301ec8c49
33ceca68d0598339de4f1d20af554aab757fd381
36a319cf4bce1250e074096f607ffa1479f885c4
adbfb12f222edd6b7d1bdf9947b2b4e2fe0fdc91

ფასეულობები

კორპორატიული ხედვა

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” კორპორატიული ხედვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციის გამყარება, რასაც მაღალი ხარისხის  პროდუქციის წარმოებით გვსურს მივაღწიოთ. ამგვარად, შევიტანოთ წვლილი ქვეყნის ჩვენი ინდუსტრიულ განვიტარებაში.

პროფესიონალიზმი

ჩვენი ქარხნის წარმატებას გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლების პროფესიონალიზმი განსაზღვრავს.

მაღალი ხარისხი

ჩვენი საქმიანობის მთავარ პრინციპს წარმოადგენს მუდმივი სწრაფვა უმაღლესი დონის სტანდარტებისკენ, რაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხში ვლინდება.

კლიენტზე ორიენტირებულობა

ჩვენ ყოველდღიურად ვითვალისწინებთ კლიენტების საჭიროებებს და უზრუნველვყოფთ პროდუქციის მომხმარებლისათვის დროულად მიწოდებას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოაა ჩვენი მომხმარებლების წარმატება.

ინოვაცია

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუდმივად ვნერგავთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, იქნება ეს ახალი ტექნოლოგიების, ბიზნეს–პროცესების მართვა თუ ინოვაციური პროდუქტების წარმოება.

თანამშრომელთა უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა

ჩვენი პრიორიტეტებიდან ერთ–ერთს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა და თანამშრომლთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა და მონაპოვარი ჩვენი თანამშრომლები არიან.

გუნდური მუშაობა

ჩვენს ქარხანაში სამუშაო პროცესები გუნდური მუშაობის პრინციპით მიმდინარეობს.თანამშრომელთა გუნდის კოორდინირებული მუშაობა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს განმსაზღვრელ და აუცილებელ ფაქტორებს იმისათვის, რომ კომპანიამ მის მიერ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

ფაქტები და მონაცემები

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა თავისი  არსებობის მანძილზე მიღწეული   მაქსიმალური მწარმოებლურობის დროს წელიწადში აწარმოებდა შემდეგი რაოდენობის პროდუქციას:

  • 620 000 ტ. კოქსს
  • 1 200 000 ტ. აგლომერატს
  • 1 450 000 ტ. ფოლადს
  • 700 000 ტ. თუჯს
  • 500 000 ტ. უნაკერო მილებს
  • 130 000 ტ. ფურცლოვან ნაგლინს
  • 130 000 ტ. სორტულ ნაგლინს
  • 1 200 000 ტ. მილნამზადს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ძირითადი სიმძლავრეები იყო:

  • აგლოფაბრიკა ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 2.2  მლნ. ტონა.
  •  ბრძმედის ღუმელი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 0.725 მლნ. ტონა.
  • 2 საკოქსე ბატარეა ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 0.35 მლნ. ტონა.
  • 8 ცალი , თითოეული 200 ტონიანი,  მარტენის ღუმელი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 1.5 მლნ. ტონა.
  • დგანი “1000” (ბლუმინგი) ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 1.5 მლნ. ტონა.
  • “900/750” ნამზადის დგანი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით  1.0 მლნ. ტონა.
  • უნაკერო მილების დგანი “140” ნომინალური წლიური მწარმოებლურობით  120 ათასი ტონა წელიწადში.
  • უნაკერო მილების დგანი “400” ნომინალური წლიური მწარმოებლურობით  350 ათასი ტონა წელიწადში
  • ცივად ადიდვის მილების საამქრო  წლიური მწარმოებლურობით 50 ათასი ტონა.
  • არმატურის  „დგანი 320“ ნომინალური მწარმოებლურობით  160 ათასი ტონა წელიწადში.

გთხოვთ შეავსოთ პროდუქტის შეკვეთის ფორმა და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“. თქვენი შეკითხვა დროულად განიხილება გაყიდვების დეპარტამენტის მიერ.

მისამართი: გაგარინის ქ. 12, 3700 რუსთავი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 260 66 99, +995 32 249 22 33 
ელ. ფოსტა: contacts@rustavisteel.com

თქვენი შეკითხვა დროულად განიხილება გაყიდვების დეპარტამენტის მიერ

მისამართი: გაგარინის ქ. 12, 3700 რუსთავი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 260 66 99, +995 32 249 22 33 
ელ. ფოსტა: contacts@rustavisteel.com